პროექტი: მზის ელექტროსადგურები თბილისის და ლანჩხუთის სკოლებს
პარტნიორ(ებ)ი:
ლიეტუვური კომპანია „ვიასოლის“
ადგილმდებარეობა: თბილისი და ლანჩხუთი;
სიმძლავრე: 200 კვტ;
სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა“ პარტნიორ ლიეტუვურ კომპანია „ვიასოლისთან“ ერთად ქ. თბილისსა და ქ.ლანჩხუთში დამატებით ხუთი საჯარო სკოლის მზის ელექტროსადგურით აღჭურვის პროექტი განახორციელა. აღნიშნული პროექტის ფარგლებში თბილისის 3 და ლანჩხუთის 2 საჯარო სკოლა მზის ელექტროსადგურებით აღიჭურვა. ჯამში დამონტაჟდა 200 კვტ სიმძლავრის მიკრო ელექტროსადგურები, რომელთა წლიურმა გამომუშავებამ 250 000 კილოვატ საათი უნდა შეადგინოს. სულ განთავსებულია 500 მზის მოდული, ათასამდე კვადრატულ მეტრ ფართობზე.
პროექტი სრულად შეესაბამება გაეროს დღის წესრიგის მე-13 მიზანს, რაც ითვალისწინებს კლიმატის ცვლილებისა და მისი ზეგავლენის წინააღმდეგ გადაუდებელი ზომების გატარებას. მზის ეს მიკროელექტროსადგურები სისტემაში ნეტო-აღრიცხვის სქემითაა ჩართული, რაც საშუალებას აძლევს სკოლებს გამომუშავებული ელექტროენერგია სრულად გამოიყენონ, ხოლო სიჭარბის შემთხვევაში ჭარბად გაცემულ ყოველ კვტ.სთ-ზე საანგარიშო წლის ბოლოს შესაბამისი ანაზღაურებაც მიიღონ. ამით სკოლებს ელექტროენერგიის არსებული ხარჯები მნიშვნელოვნად შეუმცირდებათ, ხოლო დაზოგილ თანხებს სხვა პრიორიტეტული საკითხებისკენ მიმართავენ.
აღსანიშნავია, რომ ფონდის ჩართულობითა და მხარდაჭერით მზის ელექტროსადგურებით აღჭურვის პროექტმა, გასული 3 წლის განმავლობაში, მოიცვა 18 საჯარო სკოლა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და თავდაცვის სამხედრო ბაზები.