სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ დირექტორმა, ვლადიმერ ძნელაძემ მონაწილეობა მიიღო „ეკონომიკური ფორუმის“ დისკუსიაში, თემაზე - „საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკა 2025 - შეჯამება და მოლოდინები“.
აღსანიშნავია, რომ ეკონომიკური ფორუმი მიზნად ისახავდა ენერგეტიკის დარგში არსებულ სიახლეებსა და გამოწვევებზე მსჯელობას. აღნიშნულის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ინგა ფხალაძემ განაცხადა, რომ გლობალური გამოწვევების ფონზე ენერგოეფექტურობის გაძლიერება, განახლებადი ენერგიის (ჰიდრო, ქარი, მზე) განვითარების ხელშეწყობა, მათი გონივრული ათვისება და ენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაცია, ეროვნული ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. ამასთან, მან ყურადღება გაამახვილა საქართველოს მნიშვნელოვან პოტენციალზე განახლებადი ენერგიის მიმართულებით და აღნიშნა, რომ მისი ეფექტიანი ათვისება საჭიროებს შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარებასა და მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს შექმნას.
ეკონომიკური ფორუმის კონფერენციაში მონაწილეობდნენ პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ხელმძღვანელი დავით ნარმანია და საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი არჩილ გაჩეჩილაძე.
უკან დაბრუნება
