საქართველოს წინსვლასა და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში ენერგეტიკული სექტორის სიძლიერეს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ენერგეტიკოსის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა - მარიამ ქვრივიშვილმა, ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლებს პროფესიული დღე ,,ენგურჰესის" თაღოვანი კაშხლის ტერიტორიაზე გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე მიულოცა და გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სს ,,საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის” დირექტორი ვლადიმერ ძნელაძე, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი ანუკი ბატიაშვილი, სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი - მარიამ თურნავა და ენერგეტიკული სექტორის სხვა წარმომადგენლები.
ღონისძიებაზე ენერგეტიკის დარგის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოვდა სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის” კვლევებისა და განვითარების მენეჯერი - ოლეგ ჟუკოვსკი.
სს ,,საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი” ყველა ენერგეტიკოსს ულოცავს პროფესიულ დღეს და უსურვებს წარმატებას მათ საქმიანობაში.