პროექტის „მზის ელექტროსადგურები საჯარო სკოლებს“ დახურვის ღონისძიება
თარიღი :

პროექტის „მზის ელექტროსადგურები საჯარო სკოლებს“ დახურვის ღონისძიება

სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ ორგანიზებით პროექტის „მზის ელექტროსადგურები საჯარო სკოლებს“ დახურვის ღონისძიება გაიმართა.

აღნიშნულ ღონისძიებაზე სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელი ჯაბა ხმალაძე მისასალმებელი სიტყვით წარსდგა. მან ქვეყანაში არსებულ მზის ენერგიის ენერგეტიკულ რესურსსა და პოტენციალზე ისაუბრა. აღნიშნა, რომ მსგავსი პროექტების განხორციელება შექმნის დამატებით მაღალანაზღაურებად მწვანე სამუშაო ადგილებს, შეამცირებს სხვა ქვეყნებზე ენერგოდამოკიდებულებასა და ქვეყანას უფრო მეტად დააახლოებს ევროპულ სტანდარტებთან. ასევე სიტყვით გამოვიდნენ ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ანდრიუს კალინდრა და ლიეტუვის გარემოს დაცვის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტოს წარმომადგენელი.

სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა“ პარტნიორ ლიეტუვურ კომპანია „ვიასოლისთან“ ერთად ქ. თბილისსა და ქ.ლანჩხუთში დამატებით ხუთი საჯარო სკოლის მზის ელექტროსადგურით აღჭურვის პროექტი განახორციელა. აღნიშნული პროექტის ფარგლებში თბილისის 3 და ლანჩხუთის 2 საჯარო სკოლა მზის ელექტროსადგურებით აღიჭურვა. ჯამში დამონტაჟდა 200 კვტ სიმძლავრის მიკრო ელექტროსადგურები, რომელთა წლიურმა გამომუშავებამ 250 000 კილოვატ საათი უნდა შეადგინოს. სულ განთავსებულია 500 მზის მოდული, ათასამდე კვადრატულ მეტრ ფართობზე.

პროექტი სრულად შეესაბამება გაეროს დღის წესრიგის მე-13 მიზანს, რაც ითვალისწინებს კლიმატის ცვლილებისა და მისი ზეგავლენის წინააღმდეგ გადაუდებელი ზომების გატარებას. მზის ეს მიკროელექტროსადგურები სისტემაში ნეტო-აღრიცხვის სქემითაა ჩართული, რაც საშუალებას აძლევს სკოლებს გამომუშავებული ელექტროენერგია სრულად გამოიყენონ, ხოლო სიჭარბის შემთხვევაში ჭარბად გაცემულ ყოველ კვტ.სთ-ზე საანგარიშო წლის ბოლოს შესაბამისი ანაზღაურებაც მიიღონ. ამით სკოლებს ელექტროენერგიის არსებული ხარჯები მნიშვნელოვნად შეუმცირდებათ, ხოლო დაზოგილ თანხებს სხვა პრიორიტეტული საკითხებისკენ მიმართავენ.

აღსანიშნავია, რომ ფონდის ჩართულობითა და მხარდაჭერით მზის ელექტროსადგურებით აღჭურვის პროექტმა, გასული 3 წლის განმავლობაში, მოიცვა 18 საჯარო სკოლა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და თავდაცვის სამხედრო ბაზები.

ღონისძიების დასასრულს, საჯარო სკოლების მზის ელექტროსადგურებით აღჭურვის პროექტის შესახებ ვიდეო რგოლის პრეზენტაცია გაიმართა.